English / ქართული / русский /
ნანული არევაძენანა ბიბილაშვილი
ნანოტექნოლოგიების განვითარების თავისებურებები გლობალიზაციის პირობებში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ტერმინის არსი, გაანალიზებულია მისი განვითარების პერიოდი XX საუკუნის ბოლოდან დღემდე, დასახელებულია ქვეყნები და რეგიონები, რომლებშიც ინტენსიური კვლევები ხორციელდება ნანოტექნოლოგიების მიმართულებით. გამოთქმულია ვარაუდი მისი პერსპექტიული განვითარების თაობაზე მთლიანად მსოფლიოში.

საკვანძო სიტყვები: ნანოტექნოლოგიები, ინოვაციური სექტორი, სამრეწველო რევოლუციები, მონოპოლიები, ნანოეკონომიკა, ეკონომიკური ინფრასტრუქტურა.

შესავალი

თანამედროვე გაღრმავებული გლობალიზაციის პირობებში ყოველი სახელმ-წიფოს წარმატებული განვითარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებე-ლია მეცნიერებასა და ნანოტექნოლოგიებზე დაყრდნობის გარეშე. რამდენადაც, პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობა ისევე, როგორც საქართველო, ტექნოლოგიური თვალსაზრისით განვითარებულ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩება, მეტად მნიშვნელოვანია მათი მოწინავე გამოცდილების შესწავლა-გაანალიზება და ჩვენი სპეციფიკისა და არსებული პირობების შესაბამისად გამოყენება. 

მეცნიერებაში “ნანო” რაიმე სიდიდის მემილიარდე ნაწილის აღმნიშვნელია და ბერძნულად ჯუჯას ნიშნავს, მაშასადამე, ნანომეტრი მეტრის მემილიარდე ნაწილს, ხოლო ნანოტექნოლოგია ნანომეტრის ზომის სისტემებისა და მოწყობილობების აგებას ცალკეული ატომებისა და მოლეკულებისაგან ატომური სიზუსტით წინასწარ განსაზღვრული თვისებების მიხედვით. ტერმინის _ “ნანოტექნოლოგია“ _   გამოყენებაში პირველობა იაპონელ ნორიო ტანიგუჩის ეკუთვნის (1974). ნანოტექნოლოგიების ეპოქად კი, სავარაუდოდ, მეხუთე სამრეწველო რევოლუცია ჩაითვლება, რამდენადაც კაცობრიობის ცივილიზაციამ (განვითარებული ქვეყნები) უკვე გაიარა სამრეწველო რევოლუციების ოთხი ეტაპი: პირველი სამრეწველო რევოლუციისგანვითარების ძირითად წლებად მიჩნეულია 1780-1840 წწ. ის დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო ორთქლის ამძრავ ძალად გამოყენებით, საფეიქრო მრეწველობისა და მანქანათმშენებლობის განვითარებით.

მეორე სამრეწველო რევოლუციის სტარტიც ევროპაში იქნა აღებული (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია), უპირატესად მეტალურგიისა და სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებით.

მესამე სამრეწველო რევოლუციის  მშობელი აშშ იყო (1900-1950), შედეგი კი  _ ელექტროძრავები, ქიმიური პროდუქტები, ავტომობილები, ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონელი და სხვა.

მეოთხე სამრეწველო რევოლუციის (1950-დან დღემდე) წამყვანი ქვეყნებია – აშშ და იაპონია. ამ ეტაპზე შეიქმნა სინთეზური მასალები, კომპიუტერები და მრავალი სხვა ახალი პროდუქტი.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, ანუ მეხუთე სამრეწველო რევოლუციას”, ჩვენ ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვიმყოფებით (იგულისხმება მოწინავე განვითარებული ქვეყნები), თუმცა ჯერაც არ არის საბოლოოდ დაზუსტებული რომელი ქვეყანაა ამ მხრივ წამყვანი. პრეტენდენტი კი ძალიან ბევრია (იაპონია, ჩინეთი, აშშ, ინდოეთი თუ სხვა?), არც ის არის ცნობილი რამდენ ხანს გაგრძელდება მისი ისტორია, სავარაუდოდ ის უფრო ხანგრძლივი იქნება თუ არა წინა პერიოდებთან შედარებით. დაზუსტებულად მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს იქნება ნანო¬ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების, ნანოინდუსტრიალიზაციის პერიოდი და აშენდება ყველაფერი, რისი აშენებაც შეიძლება მოლეკულების მანიპულირების გზით კომპიუტერების უშუალო კონტროლით. ატომურ-მოლე¬კულური ინჟინერიით შექმნილი ნანოსისტემების მაქსიმალური ზომები 100 ნანომეტრის, ანუ ადამიანის თმის სისქის მეათასედის ტოლია, ხოლო უმცირესი  ერთეული ნანომეტრის კი – ატომთა ზომის. ასეთი მცირე ზომის მქონე მასალების თვისებები რადიკალურად განსხავებულია მოცულობითი მასალების თვისებებისაგან, რაც ნანოტექნოლოგიებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე დამმახსოვრებელი მოწყო¬ბილობების დიდი “ფართობი”, რომელიც დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვის საშუალებას იძლევა. ხოლო განსაკუთრებული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, აღმოცენებული მისი ზომებიდან, შესაძლებელს ხდის ნანოტექნოლოგიების თვითორგანიზების პროცესის გამოყენებას სპეციალური სტრუქტურების შესაქმნელად.

ითვლება, რომ უახლოეს მომავალში ნანონაწილებით შექმნილი ტექნოლოგიები მთლიანად შეცვლის სამყაროს, კაცობრიობის ცხოვრების წესს. ნანოტექნოლოგიების დახმარებით შეიქმნება ბევრი ისეთი მოწყობილობა, რომელთა წარმატებით გამოყენება შესაძლებელი გახდება მედიცინაში, ელექტრონიკაში, ენერგეტიკაში და ჯერაც უცნობ სფეროებში, რამდენადაც ნანოტექნოლოგიებზე მუშაობა სულ უფრო ძლიერდება მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. განსაკუთრებით ინტენსიური კვლევები ხორციელდება ამერიკაში, იაპონიში, ჩინეთში, ინდოეთში, რუსეთში და სხვაგან. ნანოტექნოლოგიები, რომელსაც ხშირად “მაღალ ტექნოლოგიებსაც” უწოდებენ, ემყარება მეცნიერულ და ექსპერიმენტულ საფუძვლებს, წარმოადგენს დარგთაშორის მეცნიერებას და აერთიანებს ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, ელექტრონიკას, მედიცინას და სხვა დარგებს. ნანოტექნოლოგიურ კვლევებში მონაწილეობას იღებენ არანაკლებ ორი და უფრო მეტი მიმართულების ჯგუფები, მეცნიერები და არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ სულ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ამიტომ, სავარაუდოდ, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მსოფლიო წარმოუდგენლად შეიცვლება ნანოტექნოლოგიების წყალობით.  მსოფლიო ეკონომიკა კი იმუშავებს სულ სხვა პრინციპის საფუძველზე და მასში ცენტრალურ ადგილს შემოქმედი ადამიანი დაიკავებს.

ნანოტექნოლოგიების შექმნის მიმართულებით მსოფლიოში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნანომასალების წარმოება, ნანობიოტექნოლოგიების ათვისება, ნანომოწყობილობების და ნანოინსტრუმენტების შექმნა. რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ბაზისს ეკონომიკის ახალი ტექნოლოგიური წყობისათვის, ეს მუშაობა ათეული წლების წინ _ 1981-1990 წლებში დაიწყო, როცა შეიქმნა ნანოტექნოლოგიების მწარმოებელი დაახლოებით 70 კომპანია. 1996 წელს ერთბაშად 30 კომპანია, 2000 წელს _ 50.

2005 წლის გაზაფხულზე Nanoinvestor News-ის ბაზაზე დარეგისტრირდა 1000-მდე კომპანია. ნანოტექნოლოგიის სექტორის კომპანიათა ბრუნვა დიდი არ არის, მაგალითად გერმანიაში კომპანიათა ნახევარზე მეტის ბრუნვა 10 მლნ ამერიკულ დოლარზე ნაკლებია (2003), აშშ _ 10-500 მლნ. გამონაკლისია იაპონია _ კომპანიათა უმეტესობაში ბრუნვა 500 მლნ დოლარზე მეტია.

განვითარებული ქვეყნებიდან ნანოტექნოლოგიების სამეცნიერო დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობს აშშ, დასავლეთ ევროპა, იაპონია. განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა, ძირითადად, ჯერ კიდევ რჩება არა ტექნოლოგიების შემქმნელ, არამედ იმპორტიორ ქვეყნებად (ჩინეთი, ტაივანი, სამხრეთ კორეა).

ნანოტექნოლოგიებით შექმნილი სხვადასხვა საქონელი დამკვიდრდა ბაზარზე და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. თავიდან ეს იყო ნანობოჭკოთი არმირებული საბურავები, გოლფის ბურთები, მეხანძრეთა სპეცტანსაცმელი, აირის სენსორები, შუქდიოდები, სუნის შთამნთქმელი დანაფერები, შუშები, რომლებიც არ იჩერებს ჭუჭყს და მტვერს, თვითმფრინავის ფრთების გამამაგრებელი ნანობოჭკოვანი კომპოზიტები, ხისა და კედლების დამცავი საღებავები, რომლებიც წყალს არ იკარებს. ნანოტექნოლოგიების გამოყენებით ახლა დნმ-ის ანალიზი უფრო სწრაფად კეთდება და პროცესის ღირებულება იაფდება. სულ უფრო ფართოვდება ნანოტექნოლოგიების გამოყენების სფეროები, მაგალითად, ენერგეტიკაში  ხორციელდება წყალბადის ენერგეტიკაზე გადასვლა, იქმნება სითბური ელემენტები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ნავთობისა და ბუნებრივი აირების გამოყენებას, რომელიც გამოიწვევს ბუნებრივი რესურსების გაყიდვაზე დამოკიდებული ზოგიერთი სახელმწიფოს ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებას, ნანოტექნოლოგიების გამოყენებით სავსებით შესაძლებელია, დედამიწამდე მოღწეული მზის ენერგიის ათვისების ამაღლება _ 40%-მდე ახლანდელი 20%-ის ნაცვლად.

სოფლის მეურნეობაში ნანოტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი გახდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი შედეგების მიღება. როგორც ცნობილია, დაავადებების გამომწვევი ობიექტები თუ ვირუსები ნანოზომებით ხასიათდება. მათთან ბრძოლა ახლა სწორედ მათი თანაზომადი და კიდევ უფრო მცირე ნანონაწილაკებით, ნანორობოტებითა და ნანოხელსაწყოებით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მკურნალობის მეთოდების ეფექტურობის ზრდას.

დღეს უკვე ფართოდ არის გავრცელებული სამკურნალო პრეპარატების მოლეკულების ჩანერგვა ნანონაწილაკებში, რომელიც სისხლს მიჰყვება და უკავშირდება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ორგანოს. მაგალითად გულს, თირკმელს, ღვიძლს, ანუ შესაძლებელია პრეპარატის სელექციური მიტანა დაავადებულ ორგანოში, რითაც მნიშვნელოვნად იზრდება მკურნალობის ეფექტურობა.

ბევრი რამ არის მიღწეული ნანოტექნოლოგიებით კიბოს პრობლემის გადაწყვე¬ტაში, თუმცა გადასაწყვეტი ჯერ კიდევ ბევრია. მაგალითად, უკვე გაკეთებულია ე.წ. ერთ ჩიპზე დამზადებული კვადრატული მილიმეტრის ზომის ქიმიური ლაბორატორიები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სწრაფი ანალიზი, მასში მომხდარი მუტაციებისა და დაავადებების ადრეული აღმოჩენა. საერთოდ ადრეული დიაგნოსტიკა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში კიბოსთან ბრძოლის მთავარ სტრატეგიადაა მიჩნეული, რომლის ხერხემალი სწორედ ნანოტექნოლოგიური მასალები და ზემგრძნობიარე ნანოხელსაწყოებია. ბოლო ხანს ერთ-ერთ პროგრესულ მეთოდად მიჩნეულია სისხლში სპეციალური მაგნიტური ნანონაწილაკების შეშვება, რომლებიც გროვდება მხოლოდ კიბოთი დაავადებულ უჯრედებთან. ...ითვისებენ ველის ენერგიას, ხურდებიან, ანადგურებენ მეზობელ კიბოიან უჯრედებს და კურნავენ ავადმყოფებს [9].

აუცილებელია გამოკვეთილად აღინიშნოს, რომ ნანოტექნოლოგიების შექმნა სოლიდურ ეკონომიკურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ მისი განხორციელების უკეთესი შესაძლებლობები ეკონომიკურად მძლავრ სახელმწიფოებს გააჩნია სათანადო მეცნიერულ პოტენციალთან ერთად. სუსტი სახელმწიფოების შესაძლებლობები ამ მხრივ ბევრად უფრო შეზღუდულია. მაგალითად, აშშ-ში საბიუჯეტო მოცულობამ ნანოტექნოლოგიების სფეროში 2001 წელს 420 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2004 წლის შემდეგ დაახლოებით 1 მლრდ დოლარი წელიწადში, ანუ ყველა იმ სახსრების  დაახლოებით 0.3%, რომელიც აშშ-ში სახელმწიფო და კერძო კვლევებზეა მიმართული. სახელმწიფო სახსრების  ძირითადი გამანაწილებლები არიან ეროვნული სამეცნიერო ფონდი და თავდაცვის სამინისტრო. სახელმწიფო სახსრების დაახლოებით 75%-ს იღებენ უნივერსიტეტები, 22%-ს _ ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები [1]. განვითარებადი ქვეყნების მხრიდან გამოირჩევა სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ზოგიერთი ქვეყნის მიხედვით კი მონაცემები ასე ხასიათდება: 

ქვეყნები

წლები

საბიუჯეტოხარჯები

მლნდოლარი

იაპონია

 

1997

120

1998

135

2000

245

2002

650

აშშ

 

1997

116

1998

190

2000

270

2002

604

დასავლეთევროპა

 

1997

126

1998

151

2000

200

2002

400

სხვები

1997

70

1998

83

2000

110

2002

520

მსოფლიო გამოცდილების თანახმად, ნანოტექნოლოგიების სექტორი განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან იღებს პირველ იმპულსს, დანარჩენს აკეთებს კერძო სექტორი. მაგალითად, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში 1999-2004 წლებში კერძო ინვესტიციები ნანოინდუსტრიაში 10-ჯერ გაიზარდა. ამასთან, პირველობა მსხვილ ტრანსეროვნულ კომპანიებს ეკუთვნის. აშშ-ში ლიდერები არიან IBM და Hewlett-Packard, სამხრეთ კორეაში _ Samsung Electronics.

საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ სახსრები ფაქტობრივად არ არსებობდა, მეოცე საუკუნის ბოლოს უკვე შესამჩნევი იყო ნანოტექნოლოგიებით ქართველი მეცნიერების დიდი დაინტერესება, მაგალითად ქართველი ქიმიკოსები იკვლევდნენ ულტრადისპერსიულ სისტემებსა და კოლოიდურ ნანონაწილაკებს. მიკროელექტრონული კვლევები ტარდებოდა ქარხანა “მიონთან”, საიდანაც შემდგომ მან აკადემიურ ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში გადაინაცვლა. შედეგად, თანდათან შემცირდა ელემენტთა ზომები მიკროსქემებზე ასეულობით მიკრონიდან ათეულ ნანომეტრამდე. შეიქმნა უზუსტესი ხელსაწყოები, რომელთაც არა მარტო ატომთა განლაგების დანახვა შეუძლიათ, არამედ მათი გადატანაც და ატომური მანიპულირების გზით ახალი ნანოტექნოლოგიების შექმნაც (1997). თვითონ მიკროელექტრონიკაში ახლა ნანოზომის ელემენტები და ახალი ნანომასალები გამოიყენება და ეს ტერმინი ნანოელექტრონიკით იცვლება. უკვე იმ დროს საქართველოში ნანოტექნოლოგიებზე მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. 2009 წელს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პირველად გამოცხადდა მიღება ნანოტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე. შემდეგ ნანოტექნოლოგიების მიმართულებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც უმასპინძლა საპატრიარქოს უნივერსიტეტმა, კონფერენციაზე 56 მოხსენება იქნა მოსმენილი თითქმის ყველა მიმართულებით და აღმოჩნდა, რომ ქართველ მეცნიერთა ნაწილი, უცხოელებთან ერთად, წარმატებით მოღვაწეობდა საერთო კვლევებში. კონფერენციის 200 მონაწილის შეფასებით, საქართველოს ნანოპოტენციალი იმ დროს საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ პოტენციალის ადეკვატურ გამოყენებას ხელს უშლიდა მგრძნობიარე ანალიტიკური და გამზომი აპარატების ნაკლებობა და ნანოტექნოლოგიებით სამთავრობო და სხვა შესაბამისი სტრუქტურების სუსტი დაინტერესება.

ნანოტექნოლოგიების სექტორში გაცემული პატენტების რაოდენობით ლიდერია აშშ (გაცემული პატენტების ნახევარი), თუმცა ბოლო წლებში პატენტების გაცემის დინამიკით მას სამხრეთ კორეამ გაუსწრო. მოწინავე პოზიციებზე არიან ნიდერლანდები, კანადა, დიდი ბრიტანეთი. სამეცნიერო პუბლიკაციებით ნანოტექნოლოგიებზე ლიდერობენ ასევე აშშ, ევროკავშირის ქვეყნები (გერმანია, საფრანგეთი), იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი. რაც იმის მაჩვენებელია, რომ აშშ-ში ორიენტირებულნი არიან ახალი ტექნოლოგიების კომერციულ წარმატებაზე, ხოლო ევროპაში _ ახალ ცოდნაზე, რომელიც არსებითად წარმოადგენს სიკეთეს ყველასათვის. ასეთი განსხვავების მიზეზი ის არის, რომ კვლევები ნანოტექნოლოგიების სფეროში ევროპაში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, აშშ-ში _  უფრო კერძო ბიზნესის მიერ. სახელმწიფო აქტიურად მხოლოდ იმ დამუშავებებს აფინანსებს, რომელიც თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებებზეა გამიზნული.

ახალი ცოდნა, როგორც წესი, საზოგადოებრივი სიკეთის თვისებებით ხასიათდება, რაც ზღუდავს მისი წარმოების შესაძლებლობებს საბაზრო ეკონომიკის მიერ და შესაბამისად ზრდის მეცნიერების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობას. საზოგადოებრივი სიკეთის საკვანძო მახასიათებლებია განსაკუთრებულობისა და არაკონკურენტულობის თვისებები მოხმარებაში.

პრაქტიკაში ახალი ცოდნის, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხასიათი შეიძლება ნიშნავდეს, რომ თუ ერთი ქვეყანა ახორციელებს ფუნდამენტურ აღმოჩენას, დანარჩენი ქვეყნები იღებენ შესაძლებლობას, ისარგებლონ ამ აღმოჩენით. აღმომჩენი ქვეყანა მნიშვნელოვან ხარჯებს ეწევა განათლებისა და ფუნდამენტური მეცნიერების დასაფინანსებლად, მაშინ როცა მისი გამომყენებელი დანარჩენი ქვეყნების დანახარჯები ძალზე უმნიშვნელოა და შეიძლება იმ ჟურნალის ფასით შემოიფარგლოს, რომელშიც ეს სტატიაა დაბეჭდილი. ამიტომ, ეროვნულ დონეზე შესაძლოა უმჯობესი იყოს უბილეთოდ მგზავრობის სტრატეგიის სურვილი, ანუ, დაე ფუნდამენტური მეცნიერება სხვებმა დააფინანსონ, ჩვენ კი შემოვიფარგლოთ კვლევებით, აღმოჩენილი ფუნდამენტური კანონების გამოყენებით, საპატენტო უფლებით დაცულ და კომერციული ფასეულობის მქონე კონკრეტულ ტექნოლოგიებში.

იმაზეც უნდა ითქვას, რომ ადამიანთა უმრავლესობის წარმოდგენებში ყველაფერი ახალი, განსაკუთრებით მორიგი ნახტომი ტექნიკის განვითარებაში, სასიამოვნო მოლოდინს ბადებს. გვპირდება დიდი ხნის წინ ნანატრ საყოველთაო კეთილდღეობას და სოციალურ ჰარმონიას, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. ყველასათვის ცნობილია, თუ რა შედეგები მოჰყვა პროგრესულ კვლევებს ქიმიაში, ბირთვულ ფიზიკასა თუ ბიოლოგიაში, რამდენადაც მედლის ერთი მხარის სარგებლიანობას თან ახლავს მეორე მხარის უარყოფითი და სახიფათო შედეგები. ამ მხრივ არც ნანოტექნოლოგიებია გამონაკლისი, უფრო მეტიც, მისი მეორე მხარე ადამიანისათვის შეიძლება ძალზე სახიფათოც აღმოჩნდეს.

როგორც ცნობილია, ნანოტექნოლოგიებში ფართოდ არის გამოყენებული ე.წ. თვითორგანიზების ან თვითაწყობის მეთოდები, რომლის დროსაც ნანოსისტემაში არსებული ატომები და მოლეკულები ერთმანთს ერწყმიან და ქმნიან რაღაც ახალ ფუნქციურ ნანოსისტემას, ნანორობოტს. ჩვეულებრივ, ბიოლოგიური ორგანიზმების ჩამოყალიბება და განვითარებაც სწორედ თვითორგანიზების ასეთ პროცესზეა დაფუძნებული, მაგრამ ადამიანის ხელით შექმნილმა და თვითორგანიზების უნარის მქონე ნანოტექნოლოგიურმა რობოტმა, ადამიანისვე ნებით, ერთ შემთხვევაში შეიძლება სამკურნალო პრეპარატი მიიტანოს ავადმყოფი სხეულის რომელიმე ორგანომდე, მეორე შემთხვევაში კი _ საწამლავი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნანოზომის მასალებს, ჩვეულებრივი ზომის მასალებისგან განსხვავებული თვისებების შეძენის გამო, შესაძლოა მომაკვდინებელი თვისებებიც გაუჩნდეს. ძალზე საშიშია ნანოტექნოლოგიაზე დაფუძნებული ზემგრძნობიარე და უზუსტესი აპარატების გამოყენება თანამედროვე საბრძოლო სისტემებში (მათი ეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო). თავის დროზე სწორედ მიკროელექტრონიკის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა მისი განვითარება, ინფორმაციული ერის ჩამოყალიბება და ნანოტექნოლოგიების გაჩენა. სავარაუდოდ, ნებისმიერი სახელმწიფოს სამხედრო-სტრატეგიული პოტენციალის განმსაზღვრელი უახლოეს წლებში სწორედ ნანოტექნოლოგიური მიღწევები იქნება, მისი ეკონომიკური ზრდა კი დამოკიდებული მთლიანად მსოფლიოს და მის ცალკეულ ქვეყანაში ნანოტექნოლოგიებისა და ეთიკის განვითარების დონეზე. შესაძლოა ამიტომაც, ნანოტექნოლოგიური მიმართულების საკითხებისადმი მიძღვნილ ნებისმიერ კონფერენციაზე ერთ-ერთ არსებით საკითხად ეთიკაზე მსჯელობა გახდა.

ნეგატიურ მხარეთა შორის შეიძლება აგრეთვე დასახელდეს: ძველი არსებული წარმოებრივი ხაზების სრული გაქრობა, სამუშაო ადგილების უდიდესი შემცირება, მონოპოლისტური სტრუქტურების შეუსაბამობა, ნანოტექნოლოგიებისადმი შეუსაბამო ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მოძველება და ა.შ. ხოლო თუ ერთმანეთს შევუდარებთ ნანოტექნოლოგიების დადებით და უარყოფით შედეგებს, დადებითი უარყოფითს აუცილებლად გადაწონის, მით უმეტეს, თუ სახელმწიფოების მეთაურთა და მთელი საზოგადოების ძალისხმევით  გაუმჯობესდება ადამიანთა სოციალური და მატერიალური მდგომარეობა, მნიშვნელოვნად შემცირდება უკმაყოფილო და გაბოროტებულ ადამიანთა რიცხვი და ნანოტექნოლოგიებიც მხოლოდ ადამიანთა საკეთილდღეოდ იქნება გამოყენებული. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Макушин М. Становление многорукого бога. Обзор финансирования работ по нанотехнологии. – Электронный адрес: www.electronics.ru/pdf/2_2005/18.pdf
  2. Третьяков Ю.Д. Нанотехнологии. Азбука для всех. Введение. 2007. – Электронный адрес: http://www.nanometer.ru/2007/03/20/nanomateriali.html
  3. Шумпетер Й. Теория экономического развития. – М.: Прогресс, 1982.
  4. Hullman A. The Economic Development of Nanotechnology – An Indicators Based Analysis / Angela Hullman. – European Commission. – DG Research. – 2006 (28 Nov). (http://cordis.europa.eu./nanotechnology)
  5. Keller W. Geographic Localization of International Technology Diffusion / Wolfgang Keller // The American Economic Review. – Vol. 92. – No. 1. (Mar., 2002). – P. 120–142.
  6. Кудрявцева С.С. Перспективы внедрения модели открытых инноваций в сфере нанотехнологий / С.С. Кудрявцева // Вестник Казанск. технол. ун-та. 2014. №9. – С. 394-399.
  7. ბიბილაშვილი ა., თანამედროვე ნანოტექნოლოგიები. თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2014.

  8. ნანოტექნოლოგია _ მასალა ვიკიპედიიდან, http:/nanotec.ge 

  9. დანელია დ., ფანტასტიკა თუ რეალობა  - http://www.ambioni.ge/nanoteqnologiebi